- 1 ნახვა •
- ცხოვრებისეული •
- View.ge •
- 6 weeks ago •
- კომენტარები
ზნე-ხასიათის წვრთნა ზრდაა შინაგანი კაცისა
- მხოლოდ დიდ-ბუნებიანთა კაცთა თვისებაა ერთხელ რწმენილი და აღიარებული გაიხადონ თავის სიცოცხლის საგნად და მის ქვეშ დაუგონ თავისი ცხოვრება, და თუ საჭიროება მოითხოვს, შესწირონ თავი თვისიცა, ნიშნად იმისა, რომ ჭეშმარიტება მეტად უღირს, ვიდრე საკუთარი თავი და საკუთარი სიცოცხლე.
- ერთის ბრძენისა არ იყოს, ქვეყანაზედ ზოგი იმისთანა საგანია, რომ თუ არ დაინახე, ვერ ირწმენ, და ზოგიც იმისთანაა, რომ თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ. ცასა,თუ ცის იქით, სწორედ იმისთანა ადგილებია მაძებარ გონებისათვის, რომ თუ არ ირწმუნე, ვერას დაინახავ.
- ზნე-ხასიათის წვრთნა ზრდაა შინაგანი კაცისა, თუ ეგრე ითქმის. რადგანაც შინაგანობა კაცისა მისი სულიერი ვინაობაა, მისი სულიერი ბუნებაა, მაშასადამე წვრთნა ზნე-ხასიათისა ზრდაა, გარკვევაა მისის სულიერის ვინაობისა, სულიერის ბუნებისა, ანუ, უკეთ ვსთქვათ, მისის კაცობისა, ადამიანობისა.
- ვით მამა ზეცისა იყავნ შენ სრული“ - აი თავი და ბოლო ადამიანის ცხოვრებისა, ვის რა მანძილი გაუვლია. ცალკე ადამიანია თუ მთელი ერი, - ამ სისრულის გზაზე, ვინ რამოდენად წინ წამდგარა, ვის რამოდენად აღფრთოვანებული აქვს სულთა სწრაფვა ამ გზაზე დაუღალავად სიარულისათვის, აი საწყაო, როგორც ცალკე ადამიანის ღირსებისა, ისეც მთელის ერისა.
- ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენი თავნი ჩვენადვე გვეყუდნეს, მით იყვის უკედ. ადრიდა ერი ერობდის, გული გულობდის, ვაჟაი ვაჟობდის, ქალაი ქალაბდის. ადრიდა?! ერთ-ურთს ვიხვეწებდით. აწინა ერობა დაიშალის, მეძავ-მრუშობაი ჩამოვარდნის, ხარბობაი , ანგარი გვერივნის, ერთ სულობაი დავარდნის, მტრობა-ბძარვაი გახშირდნის. აწინა ქვრივ-ობოლ ვინ განიკითხის, ატირდომილ ვინ გააცინის, დაცემულ ვინ აღადგინის? აწინა არა არნ კაცნი, და თუ არნ-პირად და გულად ჯუღურ არნ. ერი დავრდომილ, გალახულ არნ, ვრდომილ, კრთომილ, წარხდა ქართველთა სახელი, ქართველთა წესთ-წყობაი.
- ქურდბაცაცაზედ უარესნი არიან ისინი, ვინც იმოდენად ხელს იღებენ თავზედ, რომ ცილისწამებით, ხმების დაყრით, ჩუმად და იდუმალად უბღალავენ თავის მოპირსპირეს პატიოსნებას და ნამუსსა. რაკი ჯავრი ვისზედმე ჩაიდეს გულში, მაშინ იმათთვის მოსარიდებელი აღარა არის-რა: კაცია, თუ ქალია, არ მოერიდებიან, რომ ყოველგვარი ლაფი თავს გადაასხან და ერთსაც და მეორესაც სახელი გაუტეხონ, სახელი დაუმხონ.
- დროთა-ბრუნვა მარტო ხორცს ერჩის, ხორცსა სძლევს. ხორცს მაგისთვის არც ფარი აქვს და არც ხმალი. ადამიანს ხორცის გარდა ერთი რამ სხვა მოჰმადლებია. ის ერთი-სული და გულია, უჭკნობლობის ნიჭით და ღონით დალოცვილი.
- შესაძლოა ხორცი დაბერდეს, სული და გული - კი ისევ ჰყვაოდეს, თუკი ადამიანი საკადრისად უპატრონებს, ადამიანურად მოუვლის, ხორცის მბრძანებლად გახდის და ხორცს არ გაალახვინებს. ხორცით დაბერებულს სული და გული ჭაბუკისა შერჩება ხოლმე საფლავის კარამდინა. უკეთესნი და უდიდესნი კაცნი ქვეყნიერობაზედ ამისთანანი ყოფილან.
- განა შეტყობა იმისი თუ რა არის ცაში, - ან ცის იქით, - მუდამის წყურვით შესატყობარი არ არის ერთობ ადამიანისათვის? განა ამის ვერ მიღწევის უღონობა ზოგად - კაცობრიული ჩივილი არ არის უძლურებისა? განა ამაებში ტრიალი გონებისა არ არის ზოგად - კაცობრიობის გაუთავებელი ტრიალი იმ საიდუმლოების უძირო მორევში, რომელსაც არც თავი აქვს და არც ბოლო, არც ჰო და არც არა?
- დროთა ბრუნვამ სხვის მაყურებლად გაგვხადა, სხვაზედ იმედს შეგვაჩვივა და ამაებმა სრულიად წარწყმიდეს ჩვენში ის თვითმოქმედების ძალ-ღონე, რომელიც უწინ იყო და რომელიც თუკი სადმე არის, ყველგან ხალხის ბედნიერების სათაურია და საფულძველიც. ხსნა ჩვენი თვითმოქმედებაში და ერთიანობაშია, საცა კაცი თითონ არ არის, სხვისით არა გაკეთებულა რა, საცა ერთი ვერას იქმს, იქ ოცსა და ორმოცს ერთად შეუძლიან ჰქმნას.
- უღონობა ქვეყნისა მარტო უფულობა და უქონლობა კი არ არის, როგორც ეხლა ბევრსა ჰგონია, არამედ უფრო ისა, როცა სათნოებიანი, კეთილ-მომქმედი, მაღალ-ზნეობის კაცი არა ჰყავს. სიმაგრე ქვეყნისა, ქვეყნის ძალ-ღონე, ერის შემნახველი და გამდიდებელი ქვითკირი ადამიანის ცხოვრებისა მარტო სათნოებაა და მარტო სათნოებიანი კაცი ჰქმნის ამ წუთისოფელს ტაძრად, - სადაც ღმერთს ადიდებენ, და სამოთხედ, - საცა ბედნიერება ადამიანისა ჰსადგურობს.
- ჭეშმარიტი განთლება განვითარებულ გონების და გაწურთვნილის ზნე-ხასიათის ერთმანეთთან შეუღლებაა განუყრელად. თუ კაცს ან ერთი აკლია, ან მეორე, იგი განათლებული არ არის, და ჩვენის ფიქრით, ისევ გონება განუვითარებელი და ზნე-ხასიათ გაწურთვნილი კაცი სჯობია, ვიდრე გონებაგანვითარებული და ზნე-ხასიათ გაუწვრთნელი, ამიტომაც დღევანდელ დღეს ადვილად შესაძლოა შეჰხვდეთ, - კაცი ცოდნით ერთი იყოს, მოქმედებით და ცხოვრებით კი - სრულიად სხვა.
- ადამიანის უძვირფასესი საუნჯე მისი ვინაობაა და ნურავის ნუ უკვირს, თუ ამ ვინაობის შემაგინებელს, შემბღალველს, ყოველი პატიოსანი კაცი სამართლიანის გულის წყრომით ზედ აეგება. განათლება პატიოსანს კაცს „სილბოს აძლევს ნაქსოვისას“ - როცა სხვას უნდა „გული მისცეს გულისათვის“ და საშველად ხელი მიაწოდოს, და „სიმტკიცსე ნაჭედისას“ - როცა თავის საკუთარს ვინაობას ჰპატრონობს. იქ „სილბო“ ღირსებაა, აქ კი ლაჩრობა, იქ „სიმტკიცე ნაჭედისა“ გულქვაობაა, აქ კი - ღირსება.
- ვისაც იგი მადლი ღვთისა არა აქვს, რომ სხვისი სიხარულით გაიხაროს, სხვის სიხარულს ვერც შეამჩნევს, ვერც აღბეჭდავს, ნუ გგონიათ, რომ იგი წმინდა მადლი სხვის სიხარულით გახარებისა და მაშასადამე, სხვის მწუხარებით მწუხარებისა, ცოტა რამ იყოს. იგია პირველი ნიშანი დიდ-ბუნებოვანობისა, დიდკაცობისა და მარტო რჩეულთა ამა ქვეყნისათა მაგ მადლს ღმერთი კურთხევით უწყალობებს ხოლმე.
- ბოროტის უქმნელობა კი არ იზიდავს, კი არ გამსჭვალავს ადამიანის გულს, არამედ ქმნა მადლისა, მარტო მადლის-მყოფელის წინაშე ადამიანი უნებლიეთ იხრის თავს, იყრის მუხლსა და განცვიფრებული მეტყველებს სიტყვით თუ უსიტყვოდ ქებასა და დიდებასა. ეგ იმიტომ, რომ ჭეშმარიტი კაცობა არ ქონა ცოდვისა კი არ არის, არამედ ქონაა მადლისა. კაცურის კაცობის ნიშანი მინიმუმი სათნოება კი არ არის, რომელიც არ-ცოდვის საზღვარია, არამედ მახიმუმი, რომელიც მადლის სამფლობელოა და საუფლისწულოა.
- სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსვემთ შთამომავლობას? სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას. ესა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს.
- კაცმა რომ კაცს უთხრას, შენ საქმე არ იციო, არა მგონია ეს უზრდელობაში ჩამოართვას ვინმემ. ასეც კი უნდა ითქვას სხვათა შორის, რომ მართლმსჯელობას გახურებულის რკინის თვისება აქვს. იგი სწვავს, როცა სუსტს მხარეს შეეხება ხოლმე და მაგ თვისებას ვერავინ ვერ ჩამოართმევს მართლმსჯელობასა ზრდილობის სახელითა. ყველას ემწვავება ხოლმე, როცა ვარაყით მოოქროვებულს კაკალს დაჰხარის, შიგ კაი გული დევსო, და თქვენ-კი გაუტეხთ და შიგ გულის მაგიერ ჭიის საბუდარს დაანახვებთ.
- თუ სამართლიანი ხარ და კაცთმოყვარე, მაშინ ყველაფერი ხარ, სავსე კაცი ხარ, იმიტომ რომ იღვაწებ და იმოქმედებ შეძლებისამებრ, რადგანაც უქმად ყოფნის ნებას გრძნობა სამართლიანობისა არ მოგცემს ამ წუთისოფელში, საცა ოფლის წურვით უნდა ჰყიდულობდეს თვითოეული თავის კერძს ცხოვრებისას, და კეთილის-მოქმედიც იქნები, რადგანაც ავკაცობის ნებას არ მოგცემს გრძნობა კაცთმოყვარეობისა. შეძლებისამებრ იღვაწე და იმოქმედე კეთილი, - სხვას ამის მეტს არასა სთხოვს ქვეყანა თავის შვილსა.
- ჩვენის ისტორიის სახელი და დიდება, ჩვენთა დიდებულთა წინაპართა სასწაულთ-მომქმედი მხნეობა, თავ-გაწირვა, თავ-დადება, ვაჟკაცობა სულ იმ ნათელით არის განსხივებული, იმ შარავანდედით არის მოსილი, რომელიც „ძელმა ჭეშმარიტებისამ“, წმინდა ნინოს მადლით და ღვაწლით აღმართულმა, მოჰფინა მთელს ჩვენს ქვეყანასა. ამ ძელზედ, სხივოსანის ასოებით, ქრისტეს წმინდა სისხლით დაწერილი იყო და არის იგი მცნება, რომელიც უდიდესია, უძლიერესია ყოველსა მცნებაზედ: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.
- კაცთა საზოგადოება თავისის სიმკვიდრისა, შეურყეველობისა და არსებობისათვის ყოველ ცალკე ადამიანისაგან ითხოვს იმოდენა სათნოებას, რომ ნაკლები შეუძლებელიღაა კაცთა კრებულად ცხოვრებისათვის. იგი გვეუბნება, თუ ერთმანერთობა გინდა, თუ კრებულად ყოფნა გსურს, ამა და ამაზედ ნაკლები სიმართლე არ იქონიო, ამა და ამაზედ ნაკლებ გულმოდგინედ და ერთგულად არ მოეკიდო შენს მოვალეობას, ამაზედ ნაკლები თანაგრძნობა, თანაზიარობა ერთმანერთობაში არ დაიზარო, ამა და ამაზედ ნაკლები საყოველთავო ტვირთი არა ჰზიდო და ბევრი სხვა.
- სვიმონ მესვეტე სვეტზე ავიდა იქ მიეცა გახრწნილებას სულის საოხად, და ნუთუ ეს სიზარმაცით მოუვიდა და ქვეყანას იმიტომ მოერიდა, რომ ქვეყანა ხელ-ფეხის მოძრაობას, გარჯას და მუშაობას ჰთხოულობდა და სვეტზე-კი უძრავად შეეძლო დებულიყო. ამისთანა ამბავს სხვა მიზეზი აქვს, რომელიც თავს იმალავს ადამიანის მრავალფერს ბუნებაში, და რამოდენად ეს ფარულნი მიზეზნი შორს არიან უბრალო სიკვდილის შვილთა თვალთათვის, იმოდენად მათი პოვნა და მიგნება ხვედრია მარტო იმისთანა კაცებისა, როგორიც რუსთაველია და სხვანი.
- შეჭიდება ჰოსი და არასი, მათი ერთმანეთთან დაპირისპირება და ამ გზით კვლევა მართლისა - კრიტიკაა. კრიტიკა ბუნებითად ისეთი რამ არის, რომ ერთსა და იმავე დროს, ერთისა და იმავე საგნის კვლევაში „ჰო“-საცა და „არა“-საც ამოქმედებს მართლის გამოსარკვევად და გამოსაჩენად, იგი ნებას არ იძლევა, რომ ან ერთმა და ან მეორემ ცალკე გასწიოს და ცალ-კერძ სჭიმოს ჭაპანი ძიებისა და კვლევისა. როგორც ურემი სწორედ ვერ გაივლის, თუ ცალ-მხრივ გააწევინე ხარსა, ისეც ძიება და კვლევა ჭეშმარიტებისა, ცალ-კერძ ტარებული და განზიდული.
- რა არის იგი სწავლა, განათლება, ზნეობა-გაწრთვნილობა, რომ თავისუფლების ჭეშმარიტი მნიშვნელობაც ვერ გამოარკვევინოს ადამიანსა, იმოდენა ღონე არ მისცეს სულისა, რომ ადამიანი მის მაღალ მნიშვნელობას ასწვდეს და ბოროტის ქმნის თავისუფლებას სიკეთის ქმობა არ არჩევინოს.
ფაოვორიტებში დამატება
იტვირთება მსგავსი...
იტვირთება მსგავსი...