- 1 ნახვა •
- ცხოვრებისეული •
- View.ge •
- 6 weeks ago •
- კომენტარები
ჭკუიანი უცოდინარი თავმდაბალია,
- ტვინი თუ ნაჩვევი არ არის თვითმსჯელობასა, თუ თავით თვისით ნავარჯიშები არ არის, თუ მის პატრონს დაბადებითვე ნათხოვრებით გამოუზრდია - „ვერ მოგართვის“ მეტს ვერას ეტყვის გაფითრებულს პატრონსა. ეგრე უნუგეშოდ გამოსტუმრებული ტვინის პატრონი თუმცა სასოწარკვეთილებას მიეცემა ხოლმე, მაგრამ დიდის ხნობით კი არა. ტვინის სადგურში ერთი მივარდნილი კუნჭულია, საცა ერთი ბრმა - ნიჭი ადამიანისა ბინადრობს, ის ნიჭი ტვირთთა-მზიდველ სახედარსავით ყოველთვის მორჩილია, ქვევრის თვისება აქვს, რაც ერთხელ ჩაგიძახნია, იმას ყოველთვის ამოიძახებს და სახელად ჰქვიან მეხსიერება. აი ეს ბატონი მეხსიერება მიეშველება ხოლმე ტვინისაგან განუკითხველს მწერალსა და გზას უჩვენებს ვაი-ვაგლახიდამ დასახსნელს, მაშინ დაიძვრის ხოლმე მეხსიერების სიღრმიდამ ყოველივე ნაგავი, რაც გაზეპირების ქარს და წაღმა-უკუღმად წიგნის კითხვას ოდესმე მოუბუქავს, ენაზედ მოაყენებს ყოველს - გონებაში ჩარჩენილს უთავბოლო ფრაზებს, იმას კი არა ფიქრობს, რომ იმას გულის ფრიალის წამალს სთხოვენ და ის კი ტვინ-დათხეულსავით იძახის: მწყურვალის წამალი წყალიაო.
- უმეცრობა და უვიცობა დიდი ჭირია და თუ ამას თან დაჰყვა უჭკუობა და უნიჭობა, ხომ ჭირზე უფრო ჭირია. ჭკვიანი უცოდნიარი ყოველთვის თავის ქერქშია, - რაც არ იცის, იმაზე სჯასა და ლაპარაკს ერიდება. რასაც გონება მისი უცოდინარობით ვერა სწვდება, აქ იგი მეტიჩრობას ვერა ჰკადრულობს, დუმილს უფრო რჩეობს, სხვას უსმენს, სმენილს თავისის ჭკუის და გონების თვალწინ განკითხვით გაიტარებს, ასწონს-დასწონს და ამნაირად თავის საკუთარ აზრს, ცოდნას გამოინასკვავს, შეითვისებს. ამ ყოფით, თუ სხვა გზით, იგი ჯერ საგანს ისწავლის, გაითვალისწინებს და მერე, თუ საჭიროება მოითხოვს, დაიწყებს სჯასა და საუბარსა.
- ჭკუიანი უცოდინარი თავმდაბალია, თავის თავი სხვაზე მეტი არ ჰგონია, არა ჰბაქიობს, არ იკვეხის, თითონ ზიზილ-პიპილებით არ ირთვება და სხვას მჩვარში არ ახვევს, მან თავის ყადრი და ადგილი იცის და სხვისაც ერთნაირად, მორიდებულია ყოყოჩობას, ზვიადობას და ნამეტნავად მეტიჩრობას, არამკითხე მოამბეობას. რაც იცის, იმას სჯერდება, მეტზე ხელს არ იწვდენს, მეტს სიბრძნეს და ფილოსოფოსობას არ იჩემებს, ტყუილუბრალოდ გაბერილ ფრაზებით ლარის გატანას და მსმენელის თვალის ახვევას ჰთაკილობს და როგორც სამარცხვინო ოინებს ახლოც არ ეკარება.
- სულ სხვაა უჭკუო უმეცარი, მერე თუ ყბედობის საღერღელიც აქვს აშლილი. უჭკუო უმეცარის კაცისთანა თამამი და კადნიერი ლაპარაკსა და სჯაში ძნელად მოიპოვება ქვეყნიერებაზე, და რამოდენაც ამისთანა ვაჟბატონი ჭკუაზე თხლად არის, რამოდენადაც უფრო სქელი ლიბრი აქვს გონების თვალზე გადაკრული, მით უფრო თამამია, მით უფრო კადნიერია. მითამ რა დაუშლის! არ არის ქვეყანაზე საგანი, რომ უჭკუო უმეცარმა არ დაიჩემოს მისი ზედმიწევნით ცოდნა და თავისს უგემურ და უთავბოლო საღეჭავად არ გახადოს მსმენელთა სააბეზაროდ. რაც ენაზედ მოადგება. ჰროშავს გამარჯვებულისვით დოინჯშემოყრილი და თავმოწონებული, მოგაყრით ტყუილუბრალოდ გაბერილ ფრაზებს, რომელიც არც თითონ ესმის და არც მსმენელს გაეგება და ჰყოყოჩობს, აი რაები მცოდნია და რა ბრძენი კაცი ვარო! ბალღებს, რასაკვირველია, გაბერილი, გაუგებარი ფრაზები სავსე ჰგონიათ, როგორც გაბერილი ტიკი, და უკვირთ როგორც ერთი რამ უტყუარი ნიშანი აუარებელის სიბრძნისა და მეცნიერობისა, ჭკუადამჯდარს კაცს-კი ეს სამასხარო ოინები სასაცილოდაც არა ჰყოფნის.
- რასაკვირველია, ვინც ღრმად დაკვირვებას საგნისას ჩვეული არ არის, ვისაც გონების თვალი არ უჭრის და ტფილისის ბულვარის მოძღვრება კაცობრიობის მოძღვრებად უწამებია, იმას ადამიანის „მე“-ს ხსენებით მიზეზი მიეცემა იაფის ფასის ლიბერალობა გასწიოს და ჩვენ შეგვწამოს, ვითომც ჩვენ იმ სამართლიანად გმობილს ეგოიზმს ვქადაგებდეთ, რომელიც ეჩოსავით სულ თავისკენ ითვლის, ყველაფერს თავისთვისა სჩემობს არა, ჩვენ იმ გრძნობაზედ ვლაპარაკობთ, რომელსაც ადამიანის საკუთარის ღირსების გრძნობა ჰქვიან და ურომლისოდაც არც კაცი კაცად იხსენება და არც საზოგადოება საზოგადოებად.
- ადამიანს მისი “მე” გაუნადგურეთ, მის საკუთარ კერაზედაც ნუ მოასვენებთ, შინ შეესიენით, სჯიჯგნეთ და ჰსწეწეთ სულიერად თუ ხორციელად, დღემუდამ შიშს ქვეშ ამყოფეთ, ან ეხლა შემომიხტებიან, ან ეხლაო, ერთის სიტყვით, საკუთარის ღირსების გრძნობა აჰყარეთ და გაუქარვეთ და რაღა დარჩება ადამიანს ცხოვრების საგნად? რისათვისღა გაისარჯოს? რისათვისღა იღვაწოს? რისათვისღა მისცეს მხარი თავის მსგავსსა, თავის მოძმესა? ან რისთვისღა უნდა თითონ საზოგადოების არსებობა? ტყის ნადირი რით იქნება უარესი ამრიგად გათახსირებულ, ამ ყოფაში ჩავარდნილ ადამიანზედ? რა განსხვავება იქნება პირუტყვსა და იმისთანა ადამიანს შორის, რომელსაც თავისი „მე“, თვისი ვინაობა, თვისება, თვისი პიროვნება და ღირსება დაჰსჩაგვრია.
- ძველნი ფილოსოფოსნი ამტკიცებდნენ და ახალნიც ემოწმებიან, რომ ყველაზედ ძნელი ადამიანისათვის თავისი-თავის ცნობა, თავისი-თავის ცოდნა არის, ესე იგი, იცოდეს რის ძალ-ღონის პატრონია და იმის კვალობაზედ ამ წუთის-სოფლის სუფრაზედ თვისი ჭეშმარიტი ადგილი დაიჭიროს და ცხოვრებას ადამიანისას აქედან მისცეს თავისი შემძლებელი მხარი.
- კაცმა რომ პატიოსანს და კეთილს საქმეს თავი შესწიროს, ერთი ჩვენგანი არ დაიჯერებს. რატომ? იმიტომ რომ ყოველი ჩვენგანი იმ კაცის ალაგას თავის თავს დააყენებდა და იტყოდა: მე უანგაროდ ამას ვიქმოდი? ამის პირდაპირი პასუხი “არა” იქნებოდა რასაკვირველია… „მაშ, არც ის იქმოდა“, - დაასკვნის გონიერი ქართველი; და გამოვიდა, რომ პატიოსანი თავგანწირული კაცი გაუპატიურებული იქნებოდა ქართველის თვალში. თითონ რომ სიკეთეს გადაჩვეულა, სხვისაგანც სიკეთე აღარა სჯერა; აღარა სჯერა, რომ იმ დედამიწაზედ, საცა თითონა სცხოვრობს და ათასი კიდევ მის მსგავსი, აღარა სჯერა - რომ იმ დედამიწაზედ კაცი არის, რომელსაც სიკეთე სიკეთისათვის უყვარს, რომელსაც იმოდენა სულის ძალაცა აქვს, რომ თუ გაჭირდა, სიკეთისათვის თავსაც დასდებს.
- ქართველი, როგორც თითონ არის, ისე თავის მოძმეც ჰგონია; ამიტომაც ყოველი პატიოსანი საქმე პატიოსნობის სიყვარულისაგან კი არა ჰგონია წარმომდგარი, არამედ რომელიმე დაბალი და სამარცხვინო გრძნობისა და წადილისაგან. ამით ჩვენში ყოველ ბრწყინვალე საქმეს სამარცხვინო ფერს მოაცხობენ ხოლმე, ყოველს კეთილშობილურს განზრახვას, ლაფით მოსვრიან, ყოველს თავგამოდებითს ხალისს ადრე და მალე ჭუჭყიანის ხელით ფრთას მოჰკვეთენ ხოლმე. დიდი სულის ღონე უნდა, რომ კეთილმა კაცმა თავი შეიმაგროს და საზოგადო განკიცხვის კიჟინამ არ შეაყენოს თავის დანიშნულ საგნის შუა-გზაზედა.
- როცა საზოგადო მნიშვნელობის აზრი ამოქმედებს სიტყვას, მაშინ თითონ თქმა ქმნად გადაიქცევა ხოლმე. ამ გზით სულჩადგმული ცხოვრება მოედანზედ გამოდის და შემოქმედებითი ძალი ცხოვრებისა აღარ უქმობს, არამედ იღვიძებს და ფრთას ისხამს. ეს შემოქმედებითი ძალი ცხოვრებისა სათავეა ყოველის წარმატებისა და მაგ ძალის ძლიერებაზედ დამოკიდებულია ყოველი იმედი ცხოვრების წინწადგომისა და განკარგებისა, საცა ეგ ძალი აღძრული არ არის, იქ ცხოვრება დგას, ვითარცა გუბე და გუბესავით შხამავს და სწამლავს გარეშემო ჰაერსა.
- ადამიანიც, იმ ჰაერში სულის მბრუნავი, ცოცხალმკვდარსავით ზლაზვნით და ხანხალით დატანტალებს უგულოდ და უსულოდ ცხოვრების მოედანზედ, როგორც სასაფლაოზედ, თითქო მარტო იმისთვისაო, რომ ერთი პატარა ადგილი იშოვოს, საფლავი გაითხაროს და შიგ ჩაწვეს. საკვირველიც არ არის, იქ მაცხოვარი სიო განახლებისა არ დაჰბერს ცხოვრებასა და მის გამო დღევანდელი დღე მკვდარია ხვალისათვის, როგორც გუშინდელი დღევანდელისათვის იყო, ამიტომაც ადამიანს აღარც გუშინდელი ახსოვს, აღარც დღევანდელი სწამს და აღარც ხვალინდელს ეტანება. ყოველსფერზედ გულაყრილია და ცხოვრობს მარტო იმისათვის, რომ მოკვდეს, როგორც მეტხორცი რამ, როგორც შემთხვევით მოსული და შემთხვევითვე წასასვლელი. ერთის სიტყვით, ადამიანი გამოფუყებულია, გამოცარიელებული, და ამიტომაც თითონ მისი ცხოვრებაც სიკვდილია და არა სიცოცხლე.
- გარნა იქ კი, საცა ეგ მადლიანი ძალა შემოქმედობისა აღძრულია, ადამიანი გრძნობს, რომ იგი შვილია გუშინდელისა, მოჭრინახულეა დღევანდელისა და დამბადებელია ხვალისა. წარსული, აწმყო და მომავალი - ერთ რთულ, დაურღვეველ ჯაჭვად მიაჩნია და იმ ჯაჭვში თავისი თავი რგოლად, წინასა და უკანაზედ მტკიცედ გადაბმულად. მაშინ ადამიანი თავის-თავს მართლა-და ადამიანადა სცნობს, ეგ ცნობა საკუთარის თავისა ღირსებას უღვიძებს, საკუთარის თავის ღირსება ჩაგრულ ყოფას ვერ ათმენინებს და დამკლავებული გამოჰყავს ცხოვრების მოედანზედ საომრად და საბრძოლველად. გმირებს, სახელოვანს კაცებს, დიდებულ მოღვაწეებს ქვეყნისას - ეგ შემოქმედობითი ძალი ცხოვრებისა ჰბადავს.
- რაკი ადამიანის ცხოვრებაში ერთხელ დაიძრა შემოქმედობითი ძალი, ერთს ნამოქმედს სხვა სამოქმედო საგანზედ მოჰყვება, ერთი მეორეს ჰშობს, მეორე მესამეს და ეგრე გაებმის ის ფერადი გრეხილი ცხოვრების მოძრაობისა, რომელსაც ისტორიას ეძახიან. ეგ შემოქმედობითი ძალი ცხოვრებისა შექმნის ისტორიას; უმაგისოდ ნურა ერი ნუ დაიქადებს, ისტორიის ღირსი ერი ვარო. უწინ, როცა ჩვენში ეგ შემოქმედობითი ძალი ცხოვრებისა ფეხადგმული იყო, აკი ისტორიაცა გვქონდა, აკი გმირებიცა გვყვანდა, აკი დიდი მწერლებიც და პოეტებიც აღმოგვიჩნდნენ, აკი იმ აღმატებულ ყოფაცხოვრებამდინაც მივაღწიეთ, რომლის დიდებულებამაც თამარ მეფე საუკუნოდ სახსოვარი გახადა ჩვენთვის.
- რომ მე მართლა-და ჭეშმარიტად ბედნიერი ვიყო, საჭიროა ყველა სხვა სულერნიც ბედნიერი იყვნენო", - ამბობს ერთი მეცნიერი. მადლის მოედანი და სარბიელი ეს არის. ყოველი კაცი ბედნიერებისათვის იღწვის, მაგრამ ყოველს კაცს მიჩნეული აქვს თავის საკუთარ ბედნიერებად სხვისი ბედნიერება, ანუ,უკეთ ვსთქვათ, თავისი საკუთარი ბედნიერება სხვის ბედნიერებასთან განუყოფლად ყოველს კაცს ვერ გაუერთებია.
- ამ გაერთებისათვის დიდის ხიდის გადებაა საჭირო და ამას დიდი ღონე უნდა სულისა, დიდი შეძლება გულისა, და ყველა კაცს არ მოეკითხება. ვისაც-კი ეგ ღონე და შეძლება აქვს, იგი მით ნაწილია ყველასი, - ჩემიც, თქვენიც და სხვისაც იმიტომ, რომ, იგი ჩემს, თქვენს და სხვის ბედნიერებაში ეძებს მხოლოდ და ჰპოულობს თავის საკუთარ ბედნიერებას და, მაშასადამე, იმისი ბედნიერება თუ უბედურობა - ჩემი, თქვენი და სხვისი ბედნიერება და უბედურობა უნდა იყოს.
- ეს ისეთი ძნელი გასადები ხიდია, ეს ისეთი მძიმე და ეკლიანი გზაა, რომ თვითოეული ბიჯი ღვაწლია და მსხვერპლი, და რადგანაც ღვაწლია, რადგანაც მსხვერპლია, ამიტომაც მადლია, და რადგანაც მადლია, ამიტომაც გულთა მიმზიდველია, გამმსჭვალავია გაოცებამდე, გაკვირვებამდე. ამისთანა კაცი მზესა ჰგავს, რომელსაც ბრმაც-კი ჰგრძნობს, თუმცა არა ჰხედავს.
- ყოველს ადგილას, ყოველს საქმეში - რაც უნდა ჩუმი იყოს, რაც უნდა მცირე - ადამიანს შეუძლიან აღმოაჩინოს სიდიადე ღვაწლისა. ტყუილად კი არ არის ნათქვამი ერთის მეცნიერისაგან: "ვინც ორი მარცვალი მოიყვანა იქ, სადაც მანამდე მარტო ერთი მარცვალი მოდიოდა, იგი ერთს უდიდესს სამსახურს უწევს კაცობრიობასაო.
- ამ წუთის-სოფელში ადამიანს ბევრი და მრავალ-სახის საქმე აქვს საკეთებელი, როგორცკერძოდ თავის-თავისათვის, ისეც ზოგადად ყველასათვის. სათითაოდ ყველას ერთნაირიდანიშნულება არა აქვს, სათითაოდ ყველას რაიმე დანიშნულება კი უსათუოდაქვს. მაღალ ზნეობის თვალის წინაშე სიდიდე ადამიანისა დანიშნულების სიდიდეზედ არ არის დამოკიდებული. მრავალ-გვარია ნიჭიერება, ღონე და მიდრეკილება ადამიანისა. სიდიდე და ღირსება ის არის, ვინ როგორ აურჩია საქმე თავის ნიჭსა, ღონესა, მიდრეკილებასა და ვინ როგორ უძღვება. თითონ საქმის მეტ-ნაკლებობა აქ არაფერს შუაშია, დიდი და პატარა სულ ერთია, ოღონდ კაცმა იმას მიჰმართოს, იმას ჩაჰჭიდოს ხელი, რაზედაც გული მიუწევს და ნიჭი და უნარი მიუწვდება. უამისოდ ყოველი დიდი საქმე მცირეა და ამისით კი ყოველი პატარაც დიდია."
- იქნება გეგონოს, ვინც კაი საქმეს ჰშვება, სახელისათვის ჰშვება? არა, სახელი თავისთავად მოდის ხოლმე და კეთილ საქმეს ზედ გამოებმება. მართალია, არიან იმისთანა კაცები, რომელნიც სიკეთეს იქმოდნენ მარტო იმისთვის, რომ სახელი დაგვრჩებაო. მაშინ ისინი იმ კაი საქმეს სახელზედ ჰყიდიან. ეს ცუდია, მაგრამ მე და შენ რა დავა გვაქვს? დაე, თუნც გაჰყიდონ, ოღონდ ნივთი კარგი რამ იყოს, დაე, საქმე საქებური იყოს და გულის წადილის გაჩხრეკა ღვთის ნებაზედ მივაგდოთ.
- ქართველმა, თავისის სარწმუნოებისათვის ჯვარცმულმა, იცის პატივი სხვის სარწმუნოებისაც. ამიტომაც ჩვენს ისტორიაში არ არის მაგალითი, რომ ქართველს სურვებიყოს ოდესმე სხვისა სარწმუნოების დაჩაგვრა და დევნა. სომეხნი, ებრაელნი, თვით მაჰმადიანნიცა, ჩვენს შორის მცხოვრებნი, ამაში ჩვენ ვერაფერს ვერ წაგვაყვედრებენ. სხვა ქვეყანაში სარწმუნოებისათვის დევნილნი და ჩაგრულნი - აქ ჩვენში ჰპოულობდნენ მშვიდობის - მყოფელს სავანესა და სინდისის თავისუფლებას.
- ღმერთს შენთვის გონება, გული მოუცია, ავარჯიშე, მინამ სიცოცხლე შეგწევს. გონება გზას გაგინათლებს, გული - გაგითბობს, ღმერთი ძლიერია… ყველას გულში, - ბატონია თუ ყმა, მე ვარ თუ შენა, - ღვთისგან ანთებული ცეცხლი ანთია; ის ცეცხლი არ უნდა გავაქროთ, თუ რომ გვინდა პირნათლად შევეყაროთ ჩვენ გამჩენსა, ის ცეცხლი მეც, შენც და სხვასაცა ხანდახან იმისთანა საქმეს გვაქმნევინებს, რომ ქვეყანას აკვირვებს… რა ვუყოთ, რომ მე და შენ დღეს პატარები ვართ? ვინ იცის… ხვალ ბედი რომ გადატრიალდება, ვინ წინ მოექცევა და ვინ უკან?.. რაც შეგვეძლოს, ჩვენ ისა ვქნათ, ღმერთიც ჩვენგან იმასა თხოულობს და კაციცა.
- ეს ანდერძად გქონდეს ჩემგან: არა საქმეში უზნეობა, უპატიოსნობა არ გაურიო. გახსოვდეს ყოველთვის, რომ ქვეყანაზედ ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი, რომელზედაც იწერება პირობა იმ სიმკვიდრით და სიმტკიცით, რომ არავითარი ძალა არ ამოშლის და არ გააუქმებს. ადამიანთა ურთიერთობა შეუძლებელია დააფუძნო უზნეობის საწყისებზე და საქმე, რომელიც ზნეობრივი პრინციპების დარღვევიდან გამომდინარეობს, არავის გამოადგება. სამუდამოდ დაიმახსოვრე, რომ მოვალეობის გარეშე უფლება არ არსებობს, ხოლო მოვალეობა ისაა, რომ პატივი სცე, დაიცვა კიდეც სხვისი უფლება და არ დაარღვიო იგი.
- ერი თუ საზოგადოება მარტო იმას უნდა ეძახოდეს "ჩვენგანს", ვისაც რაიმე ღვაწლი მიუძღვის სიტყვით თუ საქმით და თუ ეს ღვაწლი გაბრწყინვალებულია, შუქშესხმულია მადლითა. აქ სულ ერთია, თქმაა ეს ღვაწლი თუ ქმნაა, იმიტომ რომ ზოგჯერ თქმა ქმნა არის. დიახ, მქმნელია იგი მთქმელიცა, რომელსაც განწმენდილი აქვს "თვალნი ზე ზეცისა და ქვე ქვეყნისა საიდუმლო სამხედველად, ყურნი - ზესკნელისა და ქვესკნელისა უცნაურთა ხმათა მსმენელად, ხელნი - ცისა და ქვეყნის მაჯისცემის შემტყობად და ენა - ყოველ ამის აღმომთქმელად და მთარგმნელად.
- რა თქმა უნდა, რომ ერთნაირის უხვებით არ არის ყველა ამ მადლით მიმადლებული. ამაშიც არის დიდ-პატარაობა, მაგრამ დიდი თუ პატარა, რაკი ცოტად თუ ბევრად ამ მადლის მქონია, იგი რჩეულია მრავალთა შორის და ეს რჩეულობა არის სამართლიანი მიზეზი და საბუთი, რომლის ძალითაც ერს შეუძლიან თავმომწონებით სთქვას: ეს კაცი ჩვენგანიაო.
- რამ გადააჩვია ჩვენი ჭკუა, გონება, გული საყოველთაო საქმეს? რამ დაგვიბა თვალი და ყური მარტო მასზედ, რასაც "ჩემობის" ფერი ადევს და არა "ჩვენობისა"? ჩვენს ისტორიას რომ შევხედოთ, მაგის მიზეზს ვერ ვიპოვით. ერთს წუთს რომ ჩვენი თვალი და ყური მარტო "ჩემობაზედ" გაჩერებულიყო და "ჩვენობა" დავიწყებას მისცემოდა, მაშინვე სულს გავაფრთხობდით და ჩვენი ერი მტვერივით აიგვებოდა დედამიწის ზურგიდამ.
- ჩვენი ძალ-ღონე, ჩვენი ეროვნული სიმტკიცე და დაურღვევლობა მარტო იმაში იყო, რომ ყოველს ჩვენგანს ჯერ "ჩვენ" ჰქონდა სახეში და მერე "მე". უამისოდ,აკი ვამბობთ, ჩვენი ცხოვრება ერთს წუთსავე მოისპობოდა. ეს კარგად იცოდნენ ჩვენთა წინაპართა და ამიტომაც საცა და როცა მძლავრი "ჩვენ" წამოდგებოდა ხოლმე, მაშინ ყოველი კაცი თავის საკუთარს "მეს" უკან დააყენებდა.
- ამით უფროა საკვირველი, საიდან შემოგვეპარა, საიდან შემოგვეჩვია და როგორ დაიჭირა დღეს უგემურმა "მე"-მ იმის ადგილი, საცა ამოდენა ხანს მბრძანებლობდა მარტო "ჩვენ" ჩვენდა სადღეგრძელოდ, ჩვენდა საბედნიეროდ? რამ წაგვახდინა ესე? ეგ სენი ახალი სენია და საიდან არის მოსული, ვისგან დანერგილია - ეგ ადვილი მისახვედომია: იმისგან, ვისაც უძლური "მე" უფრო უხდება, ვიდრე ძლიერი და ძალ-გულოვანი "ჩვენ".
- ასეა თუ არა, ჩვენ კი, როგორც მემატიანე ჩვენის შინაურის ცხოვრებისა, შევნიშნავთ, რომ დღეს ყოველს ჩვენს საზოგადო საქმეს ხელს უცრის, სწყლავს, ათახსირებს, გზა-კვალს ურევს და სულს ართმევს ჩვენი გულგრილობა, ჩვენი მომაკვდინებელი მოძღვრება თვითოეულისა ცალკედ: თუ მე არ ვიქნები, ქვა ქვაზედაც ნუ იქნებაო"...
- თუ უწურთვნელს, უზრდელს, სხვის გამაუპატიურებელს, ჩვენს შინაობაშიაც, სახლობაშიც, საცა მარტო ერთი-ორი კაცია, ვერ ვიშვნევთ და ვთაკილობთ, თუ მაგაების პატრონს ჩვენს საკუთარს პატარა ოჯახშიაც ფეხს არ შევადგმევინებთ და კარს ამოვუქოლავთ, მაშ როგორ-ღა უნდა შევიშვნიოთ, შევიწყნაროთ იგი იმ დიდს ოჯახში, საცა არამც-თუ მარტო მე და თქვენა ვართ ჩვენის ცოლ-შვილით, არამედ მთელი ერია, მთელი ქვეყანაა, იმიტომ რომ ლიტერატურას მთელს ერთანა აქვს საქმე,მთელს ქვეყანასთან.
- ეს რაცა ვსთქვით იმას კი არა ჰნიშნავს,რომ აღმა მხვნელს და დაღმა მფარცხველს საქციელი უსათუოდ მოვუწონოთ, ანუ გავუჩუმდეთ, ავის მომქმედი არ გავამხილოთ, არ გავკიცხოთ. არა. ხოლო გამხელა და გაკიცხვა წუნის დადების საზღვარს არ უნდა გადასცილდეს .წუნის დადება და ლანძღვა-თრევა შორის-შორია, შუა დიდი მანძილი უდევს.
- განა ცუდს ცუდი, ავს ავი არ დაერქმის ადამიანის ღირსების შეულახებლად, ადამიანის გაულანძღველად, თავლაფ-დაუსხმელად? ამ შემთხვევაში ავის მომქმედი არ უნდა გააბოროტო ლანძღვითა და თრევითა, იმიტომ რომ გაბოროტება, ვით ძლიერი თავდაუჭერელი ვნებათ-ღელვა, გულის-ყურის კარს დაუხშობს, და იმ ზნეობით ძალს, რომელსაც ნამუსს ეძახიან და რომელიც ჭეშმარიტი გამკითხავია და მწურთვნელი კაცისა, ხმას აღარ ამოაღებინებს.
- ავის საქციელის მდევნელი ზრდილობიანი, მართებული, გონება-გახსნილი პატიოსანი კაცი რისთვის აღიძვრის ხოლმე დევნად? იმისთვის ხომ არა, რომ ზოგიერთებისავით სიხარულით ქუდი ჭერსა ჰკრას, აცა, ჩემს მოძმეს ძლივს ცუდი ვუპოვნო და ძლივს ჩემს ლანძღვით სავსე გუდას პირს მოვუხსნიო. არამედ იმისთვის, რომ ან ავის მოქმედს ავი მოაშლევინოს, ან ავზედ სხვას აუხილოს თვალი. ორივე შემთხვევაში გულდამჯდარად, აუჩქარებლად, მართებულად, გულმტკივნეულად და გულწრფელად ნათქვამი სიტყვა, თუნდაც წუნისა, უფრო მჭრელია, უფრო შემძლებელი, ვიდრე ნიშმოგებული, გაწიწმატებული და გაბოროტებული ავყიობითა და წიწლაკიანობითა.
- ჩვენის შიდა-ცხოვრების ისტორია ჯერ ფარდა-აუხდელია და უცნობი ჩვენგან. ჩვენი "ქართლის ცხოვრება" ხალხის ისტორია კი არ არის, მეფეთა ისტორიაა, და ხალხი კი, როგორც მოქმედი პირი ისტორიისა, ჩრდილშია მიყენებული. თითქო ხალხის ისტორიის შესამეცნებლად საკმაოა კაცმა იცოდეს მარტო მეფეთა ისტორია. თითონ მეფეთა მოქმედებაც ნაჩვენებია საგარეო საქმეთა შესახებ და არა შესახებ შიდა-საქმეთა.
- ამის გამო არც ერთი უეჭველი საბუთი არ უდევს სარჩულად არც ერთს ისტორიულს ფაქტს ჩვენის ხალხის ცხოვრებისას.
- უეჭველია რომ ჩვენს ხალხს ორი ათასი წელიწადი უცხოვრია თავისის ცხოვრებითა და თვითმოქმედებითა. უეჭველია, რომ ამ ორი ათას წელს იმისთანა ხანა ისტორიისა არ დასდგომია, რომ მტრისგან მოსვენებული ყოფილიყოს ზედ-მიყოლებით და გაუწყვეტლივ ასი წელიწადი მაინც ერთად.
- საქართველო დღე-და-ღამ იარაღით ხელში იდგა, მტერი ყოველ მხიდან მოწოლილი იყო. ჩვენი ხალხი თითქმის ორი ათასი წელი იბრძოდა, ომობდა, სისხლსა ღვრიდა, და ბოლოს მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს თვითმყოფობითი სული ისე დალია, რომ ჩვენს ქვეყანას არავისი ვალი და ვახში არ დასდებია.
- ვსთქვათ, მკლავმა და გულმა შესძლო ეს გოლიათობა, საკვირველი ეს არის - რა ქონებამ გაუძლო ამისთანა ყოფასა? რა ჰკვებავდა ხალხსა, რა ქონებით უძღვებოდა ამოდენა ომებსა და სისხლის ღვრასა? ეს ერთი მუჭა ხალხი თითქმის ქუდზედ კაცად უნდა მდგარიყო იარაღით ხელში, რომ მტრისგან მტვრად არ აღგვილიყო, - და საზრდოებას ვინ აძლევდა და რა აძლევდა?
- ყოველს ამ საგანზედ უეჭველი და გულდადებითი პასუხი მეტად ძნელია. ამ შემთხვევაში ჩვენი "ქართლის ცხოვრება" ხელს ვერაფრით შეგვიწყობს. ერთს იმისთანას არას გვანიშნებს, რომ საბუთად ვიხმაროთ უეჭველის დასკვნისათვის. მხოლოდ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ამისი პასუხი ჩვენი ეკონომიურს აგებულებასა და წყობაში უნდა მოინახებოდეს. უეჭველია, ჩვენი უწინდელი ეკონომიკური წყობა ისეთი ყოფილა, რომ ხალხს იქიდამ ჰქონია ის ქონებითი ძალ-ღონე, რომლითაც იგი გასძღოლია ამოდენა ვაი-ვაგლახსა და ომებსა ამოდენა ხნის განმავლობაში. აი, საგანი ღირს შესანიშნავი და მეტად საინტერესო გამოსაკვლევად. ეს საგანი რომ თვალწინ ჰქონდეს ჩვენს ეხლანდელს მეისტორიეს, ამ საგანზედ რომ უეჭველი პასუხი მოგვცეს ვინმე, ბევრს ნათელს მოჰფენდა აწმყოსა და მომავალსაც გზას გაუნათებდა
ფაოვორიტებში დამატება
იტვირთება მსგავსი...
იტვირთება მსგავსი...