აირჩიეთ ენა

უყვარს ქართველს ეს გამრყვნელი და წამახდენელი სენი, რომ თუ არ აქე, თუ არ მიეფერე

  • სავსება ერთობ ადამიანისა იმაშია, რომ მის გონების აღმატებულებას შეწონილ ჰქონდეს აღმატებულება ზნე-ხასიათისაცა. საჭიროა ზნე გაწმენდილი და გაფაქიზებული ჰქონდეს პატიოსნებითა, ნამუსიანობითა, კაცთმოყვარეობითა და სამართლიანობის გრძნობითა. უამისოდ მისი მსჯელობა და ყოფა-ქცევა ერთმანეთს გადუდგება, ერთმანეთს არ შეეთანხმება, მისი აზრი სხვა იქნება და ყოფა-ქცევა სხვა, გონება ერთს ეტყვის და გული სხვას აქმნევინებს. უზნეობა, უხასიათობაც ეს არის და ამ უზნეობითა და უხასიათობით არის ავი, ზნეუწვრთნელი სწავლული კაცი.

  • დიდი წამება დიდბუნოვნების ნიშანია, როგორც დიდი ძლევამოსილება. დიდი წამება იგივ დიდი გამარჯვებაა, რომელიც წილად ხვდება ხოლმე დიდბუნოვანს კაცსა, ხოლო გამარჯვებული ბედნიერია იმიტომ, რომ თვითონაც სტკბება მით, რაც გამარჯვებას მოაქვს, და წამებული კი თვით იწვის სანთელსავით და სხვას კი გზას უნათებს.

  • მძლედ მობურთალნი ქვეყნიერობის მოედანზედ მარტო დიდხასიათის კაცნი არიან. ქვეყნის ღერძს მარტო ის ატრიალებს, ვისაც მიჰმადლებია გულთასრულობა, დიდ-ხასიათობა, იმისდა მიუხედავად, - ტრიალი ემარჯვათ, თუ ემარცხათ. ყოველივე დიდებული საქმე რითაც-კი კაცობრიობა ჰქადულობს და თავს იწონებს, ქმნილია ხასიათიან კაცთა მიერ და არა ვისმე სხვისაგან. ამიტომაც ხასიათიან კაცის წინაშე ყველა უნებლიეთ თავს იხრის, მოწიწებით და სასოებითა: ამიტომაც ყველა, დიდი და პატარა, უკან მისტირის, როცა ამისთანა კაცი მიდის უკან დაუბრუნებლად და სამუდამოდ.

  • უყვარს ქართველს ეს გამრყვნელი და წამახდენელი სენი, რომ თუ არ აქე, თუ არ მიეფერე, პირიდამ თაფლი თუ არ იდინე, სულ ყველაფერი უზრდელობა და ლანძღვა ჰგონია. მაგრამ ამისთანა ცთომილი აზრი არ დააყენებს ხოლმე პატიოსან კაცს, როცა ის შედის რისამე განხილვაში; იმისთვის სულ ერთია, რასაც იტყვის ეს და ეს ბრმა ამა და ამ საგანზედ, ის მხოლოდ ეძებს სიმართლეს და ემსახურება ჭეშმარიტებას; ის ცდილობს გამოაჩინოს შეუბრალებლად რაც ცუდია - ცუდად, რაც კარგია - კარგად. პირფერობა და ურცხვი უალაგო ქება გლახის და მათხოვრის საქმეა და არა ჭეშმარიტების მსახურისა.

  • სამეგრელოში მოველ და საქართველო ვნახე - დიდი საქართველო! ბევრი ჭირი უნახავს საქართველოს, მრავალს ქარტეხილს გადაუვლია ზურგზედა მისსა, მაგრამ ყოველთვის ჟამსა და რღვევისა და გაწბილებისა… მტერთა მისთა დამთრგუნველი სამეგრელო იყო, იგი იყო ერთსული და ერთგული იმ სხეულისა, რომელსაც საქართველო ეწოდება. ასე იყო წინეთ, ეგრე არის ახლა, ეგრე დარჩება მომავალშიც.

  • ჩვენს ენას ჩვენში მოედანი არა აქვს სავარჯიშოდ. ჩვენი ეგრეთწოდებული მაღალი საზოგადოება, ნამეტნავად ქალაქში, თავის სამარცხვინოდ თაკილობს თავის დედა-ენით ლაპარაკსა. ნათქვამია, თევზი თავიდან აყროლდებაო, სწორედ ეგრე მოგვდის ჩვენც, ჩვენს ეგრეთ-წოდებულ მაღალ საზოგადოებას თუ დავაკვირდებით. ცოცხალი ლაპარაკი, ის დარბაისლური ქართული საუბარი, ის საამური ქართულის სიტყვის მიხვრა-მოხვრა, ის სიმდიდრე ქართულის სიტყვიერებისა აღარ ისმის, აღარ არის. გადაგვავიწყდა ყოველივე, რაც ენის მშვენებას შეადგენს, რადგანაც ჩვენი აზრი ჩვენის ენით აღარ მოძრაობს, ჩვენი გული ჩვენის ენით აღარ თბება.

  • ჩვენი გულითადი რწმენა ყოველთვის ისა ყოფილა და არის, რომ ერის წარმატება, ქონებრივი თუ გონებრივი, შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ერი წოდებათა დაუყოფელად, დიდ პატარაობის გაურჩევლად და გამოუკლებლად ერთიანის მეცადინეობითა და გარჯით ცდილობს ცხოვრების გზა გაიკვალოს და ბურთი ბედისა გადაიტანოს წუთისოფლის მოედნიდან ყველამ ერთად საყოველთაოდ. ცალ-ცალკე თლა ლხინისა თავისაკენ და ჭირისა სხვისაკენ, მარტო თავის-თავის ხსოვნა და სხვისი დავიწყდება მომაკვდინებელია კაცთა საურთიერთო ცხოვრებისა და საცა ეგ ურთიერთობა არ არის, იქ არც იგი კრებულია, რომელსაც ერი ჰქვიან.

  •  

    ჩვენთვის, ადამიანებისათვის, საჭიროაო, - ამბობს ბრძენი სენეკა, - იმისთანა კაცი, რომ მის მიხედვით და მაგალითით შევიძლოთ საკუთარის ხასიათის გაწვრთნა და გამტკიცებაო. ოჰ, რა ბედნიერია იგი, ვინც არამც თუ ჩვენთან ყოფნით გვწვრთნის ჩვენ, არამედ მარტო თავისის სახელის ხსენებითაცაო

  • ვაი იმ ხალხს, რომელსაც საერთო ძარღვი გაუწყდა; ვაი იმ ქვეყანას, საცა საერთო ძარღვში სისხლი გაშრა, საცა ყველაში თითო არ არის და თითოში-ყველა, საცა თვითეული ყველასათვის არ ჰფიქრობს და ყველა თვითეულისთვის, საცა "მე" ხშირია, და "ჩვენ" - იშვიათი!

  • ჩვენ, საწყალ ქართველებს ერთი სხვა საძაგელი სენიც გვიჭირს - ყიზილბაშობა. გულის შემაზრზენი, კაცის ღირსების დამმდაბლებელი პირფერობა, ურცხვი ტყუილი ქება, საძაგელი კლაკვნა და პირიდან თაფლის დენა, რომელსაც ქართველი "ზრდილობას" ეძახის, - ესენი ერთად შტოები არიან დამპალ ყიზილბაშობისა.
  • ისე უყვარს ქართველს ეს გამრყვნელი და წამახდენელი სენი, რომ თუ არ აქე, თუ არ მიეფერე, პირიდან თაფლი თუ არ იდინე, სულ ყველაფერი უზრდელობა და ლანძღვა ჰგონია.
  • მაგრამ ამისთანა ცდომილი აზრი არ დააყენებს ხოლმე პატიოსან კაცს, როცა ის შედის რისამე განხილვაში; იმისთვის სულ ერთია, რასაც იტყვის ესა და ეს ბრმა ამა და ამ საგანზედ; ის ცდილობს გამოაჩინოს შეუბრალებლად რაც ცუდია  - ცუდად, რაც კარგია - კარგად. პირფერობა და ურცხვი, უალაგო ქება გლახის და მათხოვარის საქმეა და არა ჭეშმარიტების მსახურისა.
  • ყოველი კაცი ბედნიერებისათვის იღწვის, მაგრამ ყოველს კაცს მიჩნეული არა აქვს თავის საკუთარ ბედნიერებად სხვისი ბედნიერება, ანუ, უკეთ ვსთქვათ, თავისი საკუთარი ბედნიერება სხვის ბედნიერებასთან განუყოფლად ყოველს კაცს ვერ გაუერთებია. ეს ისეთი მძიმე გასადები ხიდია, ეს ისეთი მძიმე და ეკლიანი გზაა, რომ თვითეული ბიჯი ღვაწლია და მსხვერპლი, და რადგანაც ღვაწლია, რადგანაც მსხვერპლია, ამიტომაც მადლია, და რადგანაც მადლია, ამიტომაც გულთა მიმზიდველია, გამმსჭვალავია გაოცებამდე, გაკვირვებამდე. ამისთანა კაცი მზესა ჰგავს, რომელსაც ბრმაც-კი ჰგრძნობს, თუმცა არა ჰხედავს.
  • დადგა მარხვა სინანულისა, მოვიდა დღე განკითხვისა, იმ განკითხვისა კი არა, რომელსაც საშინელი განკითხვა ჰქვიან და რომელსაც ჯოჯოხეთი და „ღრჭენა კბილთა“ მოსდევს, არა ბატონებო, ეს იმისთანა განკითხვაა საცა თითონ ბრალეული თავისის-თავის გამკითხველია და მსაჯული, „კბილთა ღრჭენას“ და ჯოჯოხეთს ადგილი არ ექნება. აქ ილია წავწავაზემხოლოდ ის არის საჭირო, რომ კაცმა თავისი ცოდვები ჩამოთვალოს და სთქვას: ვინანიო, რაკი ეგრეა, ყველა კაცი უნდა დაუფიქრდეს თავის წარსულს ცხოვრებას თავისი ცოდვა-მადლის გასარჩევად, თუ სურს ქრისტიანული წესი აღასრულოს და დრო სინანულისა ტყუილ-უბტრალოდ არ გააქარწყლოს.
  • თვით იკვლიე, თუ შეიძლება და გარემოება შეგწევს, მოსჩხრიკე, შეამოწმე, და თუ ავტორიტეტის აზრი გამართლდა, დაიჯერე მხოლოდ მაშინ, და ამ სახით შენს საკუთარ რწმენად გარდაჰქმენ სხვისაგან აღმოჩენილი და ნაკვლევი. ხოლო საცა გონება და ჭკუა, რომელისამე მიზეზით, ვერ მიგიწვდეს და არჩევანში ხარ, შენს არ-გამოკვლეულს აზრს, არ-ცოდნას, სხვისი, სახელგანთქმულის მეცნიერის, გარკვეული აზრი და ცოდნა მოაშველეო - აი, ეს არის ეხლანდელი მოძღვრება ავტორიტეტების გამო, და ღრმად დანდობა კი, და აყოლა სხვისა იქ, საცა შენი საკუთარი გონება საბუთიანად სხვა რიგად გიჭრის, - ეგ უწინდებური ცოდვაა, უგუნურობად მიჩნეული და სამრთლიანად განდევნილი, უარყოფილი.
  • ყოველივე ცვლილება, საზოგადოებრივი თუ ეკონომიური, მაშინ არის მარგებელი და მკვიდრი, როცა ცვლილების საგანი ყოველმხრივ გასინჯულია და შუქმოფენილი, ამისთვის, რასაკვირველია, ყველაზედ უწინარეს კაცმა გონება უნდა მიაქციოს ადგილობრივს ვითარებას, რადგანაც ყოველს საგანს ამ შემთხვევაში თავის ადგილზევე აქვს თავისი სათავე, თავისი ძირი და თავისი გზა მსვლელობისა და განვითარებისა. მაგრამ ძალიან შესცდება ის, ვინც მარტო ამას დასჯერდება და მარტო აქედან გამოიყვანს თავის დასკვნას.
  • ბევრი, ძალიან ბევრიც, იმისთანა ნაშთია საზოგადოებრივს თუ ეკონომიურის წყობისა, რომელიც თუმცა არსებობს, მაგრამ მსვლელობის კვალი კი წაშლილი აქვს ჟამთა მდინარეობისგან და ამის გამო მისი ვერც თავი გაიგება, ვერც ბოლო, თუ მარტო ადგილობრივს ვითარებას შეაცქერდა კაცი. ამ შემთხვევაში აუცილებლად საჭიროა იგივე საგანი გამოიძიოს სხვა ქვეყნებშიც, სხვა ქვეყნების ისტორიაც მოიშველიოს. იტყვიან, სხვა ქვეყნები რაში გამოგვადგებიან, ჩვენ სხვანი ვართ, ისინი სხვანიო. იტყვიან მაგრამ მთქმელნი ამაში ძალიან შესცდებიან.
  • პატივისცემა იმაში კი არ უნდა მდგომარეობდეს, რომ ადამიანი ადამიანს პირმოთნეობით ექცეოდეს, ეგ ადამიანის პატივისცემა კი არა, ეგ შეურცხყოფა იქნება. ცუდია, თავის მეცნიერების შემაგინებელია, ადამიანის მოღალატეა ის ექიმი, რომელიც სნეულს უებარს წამალს არ ასმევს მარტო იმის გამო, რომ მწარეაო. არა, ჭეშმარიტი პატივისცემა ის კი არ არის, რომ პირში, გულახდილად, ადამიანმა ადამიანს მართალი სიტყვა უთხრას. ისე უთხრას, რომ არ შეუგინოს, არ შურაცხჰყოს მისი ადამიანობა, მისი კაცობრიული გრძნობა, ღირსება და პატივი, არ დაურღვიოს ის ძვირფასი და უკეთესი კანონი, რომელიც კაცს კაცად ჰქმნის და რომლის მეოხებითაც იგი თავის-თავს კაცად სცნობს და აღიარებს.
  • ჩვენ ადრევაც გვითქვამს, რომ ეხლანდელს დროს რაღაც ხიფათი შეემთხვა და ადამიანის ლოგიკამ გზა შეიშალა, თითქო ან მართულები მოეშალა, ან ღერძი გადაუბრუნდაო. სულ ყველაფერი აირივ-დაირია, ტყუილი და მართალი ვეღარავის გაურჩევია, ქვენა-გრძნობანი ზენა-გრძნობათა ადგილას გამეუფდნენ, ცოდვამ მადლის პირბადე ჩამოიფარა, ყალბი ხალასად გადის და ნაძირალა თავანკარად, თითქო ჭკუისა და გულის აღებ-მიცემობაში აღარ იშოვება საწყაო ცოდვისა და მადლისა, ტყუილისა და მართლისა.
  • ამ უნუგეშო ყოფას ხშირად ჩავუფიქრებივართ ჩვენ და ხშირად მოგვწყურებია გამორკვევა მიზეზისა, უფრო იმიტომ, რომ ეს არევ-დარევა აზრებისა, ეს გაურჩევლობა ტყუილისა და მართლისა, ბოროტისა და კეთილისა, არსად სხვაგან ისეთის თავმოწონებით არ გათამამებულა, არ გაკადნიერებულა, როგორც ჩვენში.
  • ეს ადვილი მისახვედრიც არის: სულელობას, ოღონდ მეცნიერების სახელით კი გამოვიდეს მოედანზედ და ლიბერალობა მოეწეროს ქვეშ, არსად იმისთანა უვიცობის ხნული არ დახვდება ფესვის მოსაკიდებლად, როგორც ჩვენში.

 

 

 

ილია ჭავჭავაძე / Ilia Chavchavadze
ილია ჭავჭავაძე / Ilia Chavchavadze

ფაოვორიტებში დამატება