- 1 ნახვა •
- ცხოვრებისეული •
- View.ge •
- 6 weeks ago •
- კომენტარები
უარყოფა დიდ მოდად შემოვიდა ბრმათათვის
- საკვირველი კაცია ქართველი! ძალიან თვალების აბმა იცის, სხვის თვალებისა კი არა, მაგოდენა არ შეუძლიან, თავის საკუთარის თვალებისა. თუ მოინდომა, და თუნდაც არ მოინდომოს, ისე ხელობად დასჩემებია, რომ რაც უნდა კეთილ-სინდისიანი საქმე იყოს, ასეთს კუდს გამოაბამს, ასეთნაირად წაშლის-წამოშლის, რომ შენი გაკეთებული საქმე შენვე ვერ იცნო, შენი ნათქვამი სიტყვა შენვე ვეღარ გაიგო.
- რათ უყვარს ქართველს ამისთანა სულის კლაკვნა? მრავალი რამ არის მიზეზი, სხვათა შორის ისიცა, რომ სიკეთეს ყველანი გადავჩვეულვართ, კეთილი არა გვწამს, სული და გული ამოგვშრობია. კაცმა რომ პატიოსანს და კეთილს საქმეს თავი შესწიროს, ერთი ჩვენგანი არ დაიჯერებს. რატომ? იმიტომ, რომ ყოველი ჩვენგანი იმ კაცის ალაგას თავის თავსა დააყენებდა და იტყოდა: მე უანგაროდ იმას ვიქმოდი? ამის პირდაპირი პასუხი "არა" იქნებოდა, რასაკვირველია.. "მაშ არც ის იქმოდა", - დაასკვნის გონიერი ქართველი; და გამოვიდა, რომ პატიოსანი თავგანწირული კაცი გაუპატიურებული იქნებოდა ქართველის თვალში. რისთვის? მარტო იმისთვის, რომ თითონ ქართველი იმის ადგილას პატიოსნებისათვის თავს არ გაიწირავდა, თუ რომ სხვა დაბალი განზრახვა გულში არა ჰქონდეს.
- პატივისცემა იმაში კი არ უნდა მდგომარეობდეს, რომ ადამიანი ადამიანს პირმოთნეობით ექცეოდეს, ეგ ადამიანის პატივისცემა კი არა, ეგ შეურცხყოფა იქნება. ცუდია, თავის მეცნიერების შემაგინებელია, ადამიანის მოღალატეა ის ექიმი, რომელიც სნეულს უებარს წამალს არ ასმევს მარტო იმის გამო, რომ მწარეაო. არა, ჭეშმარიტი პატივისცემა ის კი არ არის, რომ პირში, გულახდილად, ადამიანმა ადამიანს მართალი სიტყვა უთხრას. ისე უთხრას, რომ არ შეუგინოს, არ შურაცხჰყოს მისი ადამიანობა, მისი კაცობრიული გრძნობა, ღირსება და პატივი, არ დაურღვიოს ის ძვირფასი და უკეთესი კანონი, რომელიც კაცს კაცად ჰქმნის და რომლის მეოხებითაც იგი თავის-თავს კაცად სცნობს და აღიარებს.
- უარყოფა დიდ მოდად შემოვიდა ბრმათათვის. ვისაც ადვილად და მოუმზადებლად კუსავით ფეხის გამოყოფა უნდოდა ქვეყანაზედ, ეგ მოდა უნდა მიეღო. ამისთვის ორიოდე ფრაზა იყო საჭირო. ერთი ის, რომ პოეზია, და ერთობ ხელოვნება, რა ჭკვიანი კაცის საქმეა, ერთი წყვილი წაღა შექსპირს მირჩევნიაო; მეორე - ავტორიტეტები არა მწამსო; მესამე - ისტორია ზღაპარიაო; და მეოთხე - ქვეყანაზედ მარტო გლეხკაცია ადამიანი და თავადი და აზნაური კი არაო.
- ეს ფრაზები რომ დაგესწავლათ, ლიბერალი იყავით და ლიბერალი. აი სწორედ ამგვარ ლიბერალობაში ჩაცვივდნენ ჩვენებურის ყმაწვილ-კაცობის ბევრი წილი. დღესაც, აბა დააკვირდით ჩვენებურს შინ-გამომცხვარს ლიბერალებს, თუ მარტო ამ უთავბოლო ფრაზებით არ იკვებებოდნენ და ქვეყნის სასაცილოს თავიანთ თავს ლიბერალებად და რადიკალებად არა ხადოდენ. აბა დააკვირდით, თუ ყველგან, საცა გინდა და არ გინდა, სულ ეგ ფრაზები არ წამოსჩხირონ, ფერად-ფერად ძონძებში გახვეულები.
- ისტორია იგი დიდებული ტაძარია, საცა უწირავს ერთიან სულსა ერისას და საცა აღუმართავს ერს თავის დიდებულ და დიდ-ბუნებოვან კაცთა უწმინდესნი ხატნი და ზედ წარუწერია დიდთა საქმეთა მოთხრობა, ვითა საშვილიშვილო ანდერძი. ერი, რომელსაც ახსოვს თავისის ერთიანის სულის წირვა, ეგ თავის დიდ-ბუნებოვანი კაცნი და დიდთა საქმეთა ამბავი, კეთდება, მხნევდება, ჰგულოვანდება და თავმოწონებულია ყველგან, ჭირია თუ ლხინი. ამ ღირსებათა პატრონი ერი არ დაუვარდება, არ დაუძაბუნდება არავითარს ზედმოსეულს უბედურებასა და განსაცდელსა. იგი გულგაუტეხელად იბრძვის, იღწვის, გამხნევებული თავის მამა-პაპის მაგალითითა და ანდერძითა, და მარტო გულგაუტეხელი მებრძოლი დაინარჩუნებს ხოლმე ბურთსა და მოედანს ამ წუთისოფელში.
- ადამიანს ხორცის გარდა ერთი რამ სხვა მოჰმადლებია, რომლითაც იგი ადამიანობს, ვით კერძო ღვთისა. ის ერთი - სული და გულია, უჭკნობლობის ნიჭით და ღონით დალოცვილი. ეგ ღვთაებრივი ნიჭი, როგორც ყველაფერი ღვთაებრივი, დროთა მბრძანებელია და არა ყმა. შესაძლოა, ხორცი დაბერდეს, დაუძლურდეს, სული და გული კი ისევ ჰყვაოდეს, ზეგარდმო მადლით შუქმოფენილი და მრავალფერად გადაშლილი, თუკი ადამიანი საკადრისად უპატრონებს, ადამიანურად მოუვლის, ხორცის მბრძანებლად გახდის და ხორცს არ გაალახვინებს. მე ვსთქვი - ეგ ნიჭია-მეთქი და ნიჭს ზრდა, წვრთნა, გახსნა და გაშლა უნდა. ყოველი, ცოტად თუ ბევრად სხვაზედ აღმატებული კაცი არ შეიძლება ამ გზას ასცდენოდეს, და ამიტომაც მოხდება, რომ ხორცით დაბერებულს, სული და გული ჭაბუკისა შერჩება ხოლმე საფლავის კარამდინა. უკეთსენი და უდიდესნი კაცნი ქვეყნიერობაზედ ამისთანანი ყოფილან.
- ერი თავის გმირებში პოულობს თავის სულსა და გულსა, თავის მწვრთნელსა, თავის ღონეს და შემძლებლობას, თავის ხატსა და მაგალითს. ამიტომაც იგი ზოგს იმათგანს წმინდანების გვირგვინითა ჰმოსავს და ჰლოცულობს, ზოგს დიდ-ბუნებოვანების შარავანდედითა და, თაყვანსა სცემს სასოებით და მადლობითა, ამიტომაც საჭიროა იმათი თხოვნა, იმათი დაუვიწყარობა. თუნდ ეგეც არ იყოს, შვილმა უნდა იცოდეს, სად და რაზედ გაჩერდა მამა რომ იქიდამ დაიწყოს ცხოვრების უღელის წევა. შვილს უნდა გამორკვეული ჰქონდეს, რაში იყო მართალი და კარგი მისი მამა, რაში იყო შემცდარი, რა ავი მიაჩნია კეთილად, და რა კეთილი - ავად, რა უმართავდა ხელს, რა აბრკოლებდა, რისთვის ირჯებოდა და მხნეობდა, და რისთვის და რაში უქმობდა. უამისოდ თითონ შვილი, რაც გინდა მხნე და გამრჯელი იყოს, უხორთუმო სპილოს ეგვანება, დავით გურამიშვილის არ იყოს, და ამ წუთისოფელში ვერას გახდება.
- თვითმსაჯულობა, თვითმხილველობა, გონებრივი უმაღლესი წერტილია ადამიანის განვითარებისა და წარმატებისა. შესაძლოა კაცს მრავალი ცოდნა ჰქონდეს, და ის უნარი კი, რომელიც თავისით ჭრასა და კერვას მოასწავებს გონების საქმეში, არ გახსნოდეს, არ გაშლოდეს სამოქმედოდ. იგი „ჰოს“ სათქმელსაც და „არას“ სათქმელსაც ერთნაირის სიფრთხილით, ერთნაირის აწონ-დაწონვით ეპყრობა. იგი იმითაა ღირსეული, რომ „ჰოს“ საბუთსაც ისეთისავე გულმოდგინებით იძიებს, როგორც „არას“ საბუთსა, რადგანაც სახელში მარტო მართალი აქვს და სხვა არარა. ამისთანა კრიტიკა მართლმოყვარე გამომძიებელია და მართლგამკითხავი სასწორი: თუნდ რომ „ჰოს“ გზით შეუდგეს თავის საქმეს, თუნდ „არას“ გზით, ორმავე გზამ მართალთან უნდა მიიყვანოს, ამიტომაც კრიტიკა ერთს გზასაცა ჰხმარობს და მეორესაც, იმისდა მიხედვით, თუ - რა საქმეში რომელი უფრო უტყუარად და ადვილად აპოვნინებს მართალსა.
- გონიერსა მწვრთნელი უყვარს, უგუნურსა გულსა ჰგმირდესო:“ ჩვენ გულს გაგვიგმირავს ხოლმე ცხოველი სიტყვა, ჩვენი ძმისვე სიკეთე, ჩვენი ძმისვე ჩვენთვის თავგამოდება. პირველი ქვა, რომელიც თავგამოდებულს მოხვდება ხოლმე, ქართველისაგანვე არის ხოლმე გამოტყორცნილი. წადი აქა და ძლიერი მუხლი ნუ მოგეჭრება. რათა ვართ ასე? იმიტომ, რომ ჩვეს აზრსაც, გრძნობასაც გადავჩვეულვართ, მერე ასე გადავჩვეულვართ, რომ ცოცხალი აზრი, პატიოსნური გრძნობა, უანგარო გულმხურვალება, თავგამოდებული ხალისი რომ ვნახოთ, ვერც კი ვიცნობთ. ეს კიდევ არაფერი, რომ ვერ ვიცნობთ: ავიღებთ და იმასაც ლაფში გავსვრით, - იმ მიზეზით, რა მიზეზითაც დიდხანს ბნელს საპყრობილეში დამწყვდეული კაცი, როცა მზეზედ გამოვა, თვალებზედ ხელს იფარებს, რადგანაც სინათლეს ისე გადაჩვეულა, რომ სინათლე თვალებსა სტკენს, და ამის გამო რაც ნათელია, ბრწყინვალე, იმას თვალების აფარებით აბნელებს.
- პატარა დალაგებით რომ დაუფიქრდე იმ ხავსმოკიდებულს გუბეს, რომელსაც ჩვენ, ქვეყნის სამასხარაოდ, ცხოვრებას ვეძახით, რომელშიაც ჩვენ, რაღაც დაუდეგარის კმაყოფილებით ვჭყუმპალაობთ, და რომლიდანაც ათასი სხვადასხვა-ფერი ნაკადული იწრიტება ცალ-ცალკე და სხვადასხვა გზით მიდის, და "რაოდენადაც ერთანეთზედ შორსა ვალს, ეგოდეს დაუძლურდების", - ამ გუბეს რომ თვალღია და აუჩქარებლივ დააკვირდე, მაშინ შენც ჩემთან ამოიკვნესებ და იტყვი: "ვართ-ღაო!
- ისტორიაო, - ამბობს ერთი მწერალი, - ბრძოლაა ბუნებასთან, სიღარიბესთან, გონების სიბნელესთან, ღონემიხდილობასთან, მაშასადამე ყოველგვარ შევიწროვებასთან, რომელსაც ადამიანი პირისპირ შეემთხვევა ხოლმე, როცა ისტორიის ასპარეზზედ გამოდისო. ერთს ბიჯსაც წინ ვერ წავდგამთ ამ ბრძოლაში, თუ ყველამ ცალკე გავწიეთო. ყველამ ცალკე ვიბრძოლეთო.
- ზნე - ხასიათის წრთვნა ზრდაა შინაგანის კაცისა, თუ ეგრე ითქმის. რადგანაც შინაგანობა კაცისა მისი სულიერი ვინაობაა, მისი სულიერი ბუნებაა, მაშასადამე, წრთვნა ზნე - ხასიათის ზრდაა, გარკვევაა მისი სულიერის ვინაობისა, სულიერის ბუნებისა, ანუ, უკეთ ვსთქვათ, მისი კაცობისა, ადამიანობისა.
- გამხელა და გაკიცხვა წუნის დადების საზღვარს არ უნდა გადასცილდეს. წუნის დადება და ლანძღვა-თრევა, შორის-შორია, შუა დიდი მანძილი უდევთ. განა ცუდს - ცუდი, ავს - ავი არ დაერქმის ადამიანის ღირსების შეულახებლად, ადამიანის გაულანძღველად, თავლაფ-დაუსხმელად? ამ შემთხვევაში ავის მომქმედი არ უნდა გააბოროტო ლანძღვითა და თრევითა, იმიტომ რომ გაბოროტება, ვით ძლიერ თავდაუჭერელი ვნებათა-ღელვა, გულის-ყურის კარს დაუხშობს და იმ ზნეობით ძალს, რომელსაც ნამუსს ეძახიან და რომელიც ჭეშმარიტი გამკითხავია და მწურთვნელი კაცისა, ხმას აღარ ამოაღებინებს.
- ავის საქციელის მდევნელი ზრდილობიანი, მართებული გონება-გახსნილი პატიოსანი კაცი რისთვის აღიძვრის ხოლმე დევნად? იმისთვის ხომ არა, რომ ზოგიერთებსავით სიხარულით ქუდი ჭერსა ჰკარს, ჩემს მოძმეს ძლივს ცუდი ვუპოვნეო და ძლივს ჩემს ლანძღვით სავსე გუდას პირს მოვუხსნიო, არამედ იმისთვის, რომ ან ავის მომქმედს ავი მოაშლევინოს, ან ავზედ სხვას აუხილოს თვალი
- ჩვენს ცხოვრებაში არის იმისთანა ფესვნი, რომელთა ზედაც შეიძლება ამოვიდეს სიკეთე ერთობისა და ყველასათვის სახეიროდ გაიშალოს. ამას უნდა დავტრფოდეთ და შევხაროდეთ და არა ვთაკილობდეთ და ვმტრობდეთ.
ფაოვორიტებში დამატება
იტვირთება მსგავსი...
იტვირთება მსგავსი...