- 1 ნახვა •
- ცხოვრებისეული •
- View.ge •
- 6 weeks ago •
- კომენტარები
გმირობა, რა სახისაც უნდა იყოს, სულის ღონეა და არა ხორცისა
- გონების ნაწარმოები იმისთანა მადლიანი რამ არის, რომ მთელი კაცობრიობის კუთვნილებას შეადგენს და აქ გვარტომობის ჩაჩხირება ჭკუის უღონობას მოასწავებს და სხვას არა-რას. ხელოვნებასა და ერთობ გონების ნაწარმოებსა გვარტომობა არა აქვს.
- შურს ისა სწყინს და გულს უკლავს, - სხვას ჩემზე მეტ რადა აქვსო. ნატვრა-კი პატიოსნური სურვილია, მეც ის შევიძინო, რაც სხვას შეუძენია, მისდა სიკეთემდე, ღირსებამდე მივაღწიოო. შური ვერ იტანს სხვისა ღირსებას, ნატვრა-კი შეჰხარის. შური ებრძვის ღირსებას, ნატვრა-კი ეტრფის.
- გმირობა, რა სახისაც უნდა იყოს, სულის ღონეა და არა ხორცისა და ამიტომაც გმირის სიყვარული მარტო სულითვე ღონიერს შეუძლია. აქ ხორციელს თვალს ვერას გააჭრევინებთ, სულიერი თვალი უნდა და ამ სულიერის თვალის ახილება მარტო ცოტად-თუ-ბევრად რიგიანს განათლებას შეუძლია და სხვას არაფერს.
- კაცი მარტო მაშინ არის ხერხი, როცა ცოდნა აქვს, როცა ჭკუა ცოდნით გაულესია, ცოდნის ჩარხზე გაუჩარხავს. მაშინ ხერხსავით სხვისთვისაც გააქვს და თავისთვისაც შემოაქვს.
- ადამიანი ადამიანობს მარტო პატიოსნებით და ნამუსითა, და ვინც ეს იცის, იმისათვის შებღალვა ან ერთისა ან მეორისა ყოველს დანაკლისზედ უმძიმესია, ყოველს მწუხარებაზედ უდიდესი მწუხარებაა.
- ზნე-ჩვეულების გაუწმენდელობა და გაუნათლებლობა არის მიზეზი, რომ ქვენა გრძნობანი ზენა გრძნობათა ადგილას გამეუფდებიან ხოლმე, ტყუილი მართალის ნიღაბ ქვეშ დაიარება და ყალბი ხალასად გადის.
- ამოვიკითხავთ წიგნებიდან რაღაცას და გვგონია, ეს-ეს არის ქვეყნის ღერძს ხელი ჩავკიდეთო. ქვეყანაზე ბევრი რამ არის უწიგნოდაც ნასწავლი, ამაებსაც ცოდნა უნდა. ჩვენ კი აღარც იქით ვიხედებით, აღარც აქეთ. რაკი წიგნი ხელთ გვიპყრია, თითქო ჭკუა, თუ არ წიგნში, სხვაგან აღარსად იყოს.
- როცა ადამიანს პირს არიდებ, მითამ ქრისტე-ღმერთისთვის მოგირიდებია პირი. იესომ ბრძანა: განკითხვის დღეს გეტყვითო მწყურვალი ვიყავ და არ მასვითო; მშიერი ვიყავ, არ მაჭამეთო; შიშველი ვიყავ, არ ჩამაცვითო; სნეული ვიყავ, არ მომიარეთო. როცა მეტყვიანო უფალო! სადა გნახეთ, რომ არ გიშველეთო მე ვეტყვიო: ყოველი გაჭირვებული კაცი, თქვენგან არ გაკითხული, მე ვიყავიო… სხვა შენთვის და შენ სხვისთვის, აი გზა ცხოვრებისა, აი ხიდი ცხონებისა, აი გასაღები სამოთხისა!
- ჭეშმარიტი განათლება განვითარებულ გონების და გაწურთვნილის ზნე-ხასიათის ერთმანეთთან შეუღლებაა განუყრელად. თუ კაცს ან ერთი აკლია, ან მეორე, იგი განათლებული არ არის და, ჩვენის ფიქრით, ისევ გონებაგანუვითარებელი და ზნე-ხასიათ გაწურთვნილი კაცი სჯობია, ვიდრე გონებაგანვითარებული და ზნე-ხასიათით გაუწვრთნელი.
- ცხოვრება ცალკე ადამიანისა, თუ მთელის ერისა, უფრო წეწვა-გლეჯის ბაზარია. დღეს ისეა მოწყობილი და რას იზამ? ცხოვრება მარტო აღებ-მიცემობაა ერთმანეთის ჭკუისა, თუ ხელის ნაწვავ-ნადაგისა, ნაამაგარ-ნაშრომისა, ნაომარ-ნარბევისა. იგი ის მოედანია, საცა ჭიანჭველასავით ირევა დიდი და პატარა, საცა მაძღარი მშიერს წვრილად უფხვნის, გამარჯვებული დამარცხებულს ფეხ-ქვეშა სთელავს, ძლიერი უძლურს ეტანება შესაჭმელად, უძლური ძლიერს გაურბის და ორნივ-კი - დამწევიც და გამქცევიც - ერთსა და იმავე დროს ერთსა და იმავე ღმერთს ეხვეწებიან - ხელი მომიმართეო.
- ერის პირქვე დამხობა, გათახსირება, გაწყალება იქიდან დაიწყება, როცა იგი თავისს ისტორიას ივიწყებს, როცა მას ხსოვნა ეკარგება თავისის წარსულისა, თავისის ყოფილის ცხოვრებისა. დავიწყება ისტორიისა, თავისი წარსულისა და ყოფილის ცხოვრების აღმოფხვრა ხსოვნისგან - მომასწავებელია ერის სულით და ხორცით მოშლისა, დარღვევისა და მთლად წაწყმედისაცა.
- წარსული - მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო - მომავალისა. ეს სამი სხვადასხვა ხანა, სხვადასხვა ჟამი ერის ცხოვრებისა ისეა ერთმანეთზედ გადაბმული, რომ ერთი უმეორეოდ წარმოუდგენელი, გაუგებარი და გამოუცნობია. ამიტომაც არის ნათქვამი ერთის ბრძნისაგან, რომ აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მერმისისაო. ეს სამთა ჟმთა ერთმანეთზედ დამოკიდებულება კანონია ისეთივე შეურყეველი და გარდაუვალი, როგორც ყოველივე ბუნებური კანონი.
- საქმისა თუ აზრის ავკარგიანობის გარჩევა მარტო ძველახლობითა, ღირსების აწონ-დაწონვა მარტო იმით, რომ ეს გუშინდელია და ეს დღევანდელი, ჭეშმარიტების უარყოფა მარტო იმით, რომ ძველია და ტყუილის ჭეშმარიტებად გადაყვანა მარტო იმით, რომ ახალია, რაც გნებავთ ბრძანეთ და, სასაცილოზედ მეტია. აგეთი სასწორი, აგეთი არჩევა კარგისა და ავისა, მართლისა და ტყუილისა მარტო იმის მომავლინებელია, რომ კაცს არც კარგი ესმის, არც ავი, არც მართალი უცვნია, არც ტყუილი და ამაოდა ჰფქვავს მინდმოკიდებულ წისქვილსავით.
- არ ვიცით - რანი ვყოფილვართ, არ ვხედავთ - რანი ვართ, ვერ გამოგვისახია - რანი ვიქნებით! ყურებში ბამბა გვაქვს დაცული და თვალებზე ხელი აგვიფარებია. არც არაფერს ვხედავთ, არც არაფერი გვესმის. უზარმაზარი თხრილია ჩვენ, ქართველების წინ და აინუნშიაც არ მოგვდის. ამ თხრილის პირად ვდგავართ და საკმაოა ხელი გვკრან - და შიგ გადავიჩეხებით დედაბუდიანად. ორბი, არწივიც კი ვეღარ გვიპოვის, ვეღარ დასწვდება ჩვენს ძვლებს, რომ გამოხრან, გამოსწიწკნონ, ისეთი ღრმაა ეს თხრილი, ისეთი უძირო. ვდგავართ და უღონოდა ვბზუით "მე ვარ და ჩემი ნაბადიო" და ამ ბზუილიდან არა გამოდის-რა. იქნება იმიტომ, რომ ყველა ბუზი კი ბზუის, ფუტკართან-კი ყველა ტყუის.
- ახალო წელიწადო, თუ რამ შეგიძლიან, თვალი აგვიხილე, ყურებიდან ბამბა გამოგვაცალე, ფუტკრისგან გვასწავლე დროთა შესაფერი სამამაცონი ზნენია, რომ ჩვენმა შემდეგმა მაინც აღარ სთქვას: რა გითხრათ? რით გაგახაროთო?
- ჩუმი, მშვიდობიანი, დინჯი, არა-მყვირალა და ჩხავანა მოღვაწეობა, - საცა უნდა იყოს, - თუ გულმხურვალეობით არის გამთბარი, გულმოდგინეობით წარმართული, ერთგულობით ძირმაგარი და პატიოსნებით ნათელცხებული, - უტყუარი ნიშანია თითონ მოღვაწის დიდ-ბუნებოვანობისა.
- მართალი უთქვამს ვინცა სთქვა, რომ ორნაირი სათნოებაა ქვეყანაზე ადამიანის ღირსების აღმნიშვნელი: ერთი უქმი, რომელსაც მოსდევს არა ქმნა ბოროტისა, მეორე მოქმედი, რომელსაც მოსდევს ქმნა კეთილისა. პირველი მაგდენი ვერაფერი ღვაწლია, - სადიდებელი კაცისა მეორე სათნოებაა.
- სინანულისა და განკითხვისათვის აღარც გული გვაქვს გულის ადგილას და აღარც ჭკუა ჭკუის ადგილას და ვიძახით წარამარად “დრონი მეფობენო” მაშინ, როდესაც დრო მხოლოდ იგი ქვევრია, რომელიც მარტო იმას ამოიძახებს ხოლმე, რასაც თვითონ კაცი ჩასძახებს სხვაზედ მინდობა - ქვიშაზედ აშენებული შენობა ყოფილა და იქნება კიდეც ამ ქვეყნიერებაში. წამოუვლის ნიაღვარი „შემთხვევისა“ და იმ იმედს, იმ მინდობას აღგვის ხოლმე დედამიწის ზურგიდან და იმედევნეულს, სხვაზედ დანდობილს, ერთს უდაბურს ტინზედ გარიყავს, - შენს თავს შენვე მოუარეო. ეს კანონი - ისტორიული კანონია, იქნება ზოგიერთისთვის ფრიად არ-მოსაწონი,მაგრამ აუცილებელი კი... გვეყო, ბატონებო, ჩვენის აწმყოსი და მომავლის ბედის სხვაზედ მიგდება. ჩვენის გაჭირვებისა ,გულისტკივილის და წადილის პატრონნი ჩვენვე უნდა ვიყვნეთ.
მძიმეა ეს უღელი, მაგრამ მით უფრო სახელოვანია მისი ერთგულად გამწევი. მძიმეა, მაგრამ უმაგისოდ ვერ შოებულა ამ ქვეყნიერებაზედ სიკეთე და ძალ-ღონე ხალხისა. სხვა გზა არ არის, ჩვენის ცხოვრების შარა-გზა ჩვენვე უნდა გავიკაფოთ, ბედი და უბედობა ხელთ უნდა ვიგდოთ.
ფაოვორიტებში დამატება
იტვირთება მსგავსი...
იტვირთება მსგავსი...